სალომე ზურაბიშვილი გიგა ოთხოზორიას ოჯახს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან ერთად ესტუმრა და გიგა ოთხოზორია განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და პიროვნული სიმამაცის გამოვლენისთვის დააჯილდოვა და ზუგდიდში მის ოჯახს სახელმწიფო ჯილდო, მედალი ,,სამოქალაქო თავდადებისათვის", პირადად გადასცა. ,,დღეს გიგა ოთხოზორიას დედისაგან მოვისმინეთ არაჩვეულებრივი, საშობაო, შერიგების სიტყვა, რომელიც შეიძლება, მხოლოდ შვილდაღუპულმა დედამ თქვას და ახსენოს ჩვენი ერთობა. ჩვენთვის, ყველასთვის, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენთან იყოს გულგახსნილობა, რომელიც შერიგების და ქვეყნის გამთლიანების საწინდარია", - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი ზუგდიდში „პრეზიდენტის ნაძვის ხის“ ღონისძიებაზეც გიგა ოთხოზორიას შვილებთან ერთად მივიდა.
„ეს არის მხიარული დღე, შობის წინა დღესასწაული, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ სად ვართ, ამიტომ აქ მოვედი გიგა ოთხოზორიას ბავშვებთან ერთად და დღეს გადავეცი სამოქალაქო თავდადების მედალი, სახსოვრად იმის, რომ ქვეყანას არ ავიწყდება თავისი გმირები. თავდადება ეს არის ის, რაც ქმნის ამ ქვეყანას“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.