რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში კარანტინი გამოცხადდა გრიპის გავრცელების თავიდან ასაცილებლად. საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა პაპუნა ბახტაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ კლინიკაში უშვებენ მხოლოდ პაციენტების თავზემდგომებს და მხოლოდ პირბადით. „თერაპიული განყოფილება გადავსებულია პაციენტებით. მათგან 18 გრიპის გართულებული ფორმით წევს, თუმცა არც ერთ მათგანს არ დაუდასტურდა ღორის გრიპი“ - ამბობს პაპუნა ბახტაძე. მისი შეფასებით, საგანგაშო ჯერჯერობით არაფერია და „საუბარია სეზონურ გრიპზე, რომელიც წლის ამ პერიოდისთვის არის დამახასიათებელი."
რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის დირექტორმა დავით ბეგაშვილმა რადიო თავისუფლებასთან საუბრისას უარყო გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს კარანტინი მთლიანად ქალაქში გამოცხადდა. „ნებისმიერი სტაციონარული დაწესებულება სეზონური გრიპის გამო ვალდებულია შეზღუდოს მნახველების პაციენტებთან დაშვება, რათა არ მოხდეს ინფექციის შეტანა და გამოტანა” - ამბობს დავით ბეგაშვილი. მისი განმარტებით, რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრი ყოველდღიურად აწარმოებს სტატისტიკას გრიპის ვირუსის გავრცელების შესახებ. „გასული თვის პირველ კვირაში იყო გრიპის ვირუსით დაავადების 48 ახალი შემთხვევა, მეორე კვირაში 49 შემთხვევა, მესამეში 50, ხოლო დეკემბრის ბოლო კვირაში 51 ახალი შემთხვევა. არც ერთ შემთხვევაში არ ყოფილა ისეთი მდგომარეობა, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრი ჩარეულიყო და ღორის გრიპზე სისხლის ანალიზი გადამოწმებულიყო“ - განაცხადა დავით ბეგაშვილმა. მისი ინფორმაციით, დეკემბერში საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა ასამდე პაციენტს.
რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოში ამჟამად 23 ბავშვს მკურნალობენ, მათგან 18-ს გრიპის ვირუსის გამო. საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა ნატალია თოფურიამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ 4 იანვარს კიდევ 4 პაციენტი მიიღეს. არც ერთ მათგანს გართულება არ აღენიშნება. „იმის მიუხედავად, რომ ამბულატორიები გადატვირთულია, პანიკის საფუძველი მაინც არ გვაქვს. ეს სეზონური გრიპია“ - თქვა ნატალია თოფურიამ.
რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის დირექტორის დავით ბეგაშვილის ინფორმაციით, რუსთავის თერთმეტივე სამედიცინო დაწესებულებაში გამკაცრებული შიდა რეჟიმი სავარაუდოდ, თებერვლის ბოლომდე გაგრძელდება.