ბრიტანეთი გამოთქვამს „უკიდურეს შეშფოთებას“ რუსეთში პოლ უილანის დაკავების გამო

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯერემი ჰანტის განცხადებით, ლონდონის „უკიდურეს შეშფოთებას“ იწვევს რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით პოლ უილანის დაკავება. უილანს ორი ქვეყნის მოქალაქეობა აქვს - შეერთებული შტატებისა და ბრიტანეთის.

როგორც ჰანტმა 4 იანვარს სამაუწყებლო კორპორაცია ბიბისი-სთან ინტერვიუში თქვა, ბრიტანეთისთვის მიუღებელია ადამიანების გამოყენება „დიპლომატიური ჭადრაკის“ სათამაშოდ.

რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა 31 დეკემბერს გამოაცხადა, რომ მოსკოვში ჯაშუშობის აქტის ჩადენისას დააკავა პოლ უილანი, ყოფილი ამერიკელი საზღვაო ქვეითი. მისი დაკავების ფონია მოსკოვსა და დასავლეთს შორის დაძაბული ურთიერთობა რამდენიმე პრობლემის გამო. მათ შორისაა რუსეთის როლი სირიისა და აღმოსავლეთ უკრაინის ომებში და ყოფილი ორმაგი აგენტის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლა ინგლისში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის, მარია ზახაროვას განცხადებით, ბრიტანეთმა მოსკოვს მიმართა უილანთან საკონსულოს წარმომადგენლების შეხვედრის თხოვნით.