2018 წელს 5,9 მილიარდი დოლარით შემცირდა რუსი მილიარდერების ქონება

რუსმა მილიარდერმა ვიქტორ ვეკსელბერგმა შარშან სამ მილიარდ დოლარზე მეტი დაკარგა

სააგენტო „ბლუმბერგის“ მონაცემებით, 2018 წელს მთლიანობაში 5,9 მილიარდი დოლარით შემცირდა რუსი მილიარდერების ქონება. მსოფლიოს 500 უმდიდრესი ადამიანის სიაში, რომელიც „ბლუმბერგმა“ შეადგინა, 25 რუსია. გასულ წელს გაიზარდა ცხრა მათგანის ქონება.

სამეულში, რომელმაც ყველაზე მეტი დანაკარგი განიცადა, შედიან ბიზნეს-ჯგუფ „რენოვის“ მფლობელი ვიქტორ ვეკსელბერგი (დაკარგა 3,1 მილიარდი დოლარი), ურალის სამთო-მეტალურგიულ კომპანიის პრეზიდენტი ისკანდერ მახმუდოვი (დაკარგა 2,4 მილიარდი) და „სევერსტალის“ თანამფლობელი ალექსეი მორდაშოვი (დაკარგა 2,2 მილიარდი).

მნიშვნელოვნად, 3,4 მილიარდი დოლარით გაიზარდა კომპანია „ლუკოილის“ თანამფლობელის, ვაგიტ ალეკპეროვის ქონება.

უმდიდრეს რუსად მიჩნეულია „ნორნიკელის“ თანამფლობელი ვლადიმირ პოტანინი, რომელიც, „ბლუმბერგის“ ინფორმაციით, 20 მილიარდამდე დოლარს ფლობს. მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში ის 37-ე ადგილს იკავებს.

307-ე ადგილი ერგო 500-კაციან სიაში მოხვედრილ ერთადერთ ქართველს, ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც, „ბლუმბერგის“ თანახმად, 5 მილიარდი დოლარი აქვს.

უმდიდრესთა ოცეულში შედის აშშ-ის 14 მოქალაქე, მათ შორის პირველ ადგილზე მყოფი ჯეფ ბეზოსი, რომელიც ინტერნეტ-კომპანია „ამაზონის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელია. მისი ქონება 125 მილიარდ დოლარს აღწევს.