თამაზ ახობაძე იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ სტრასბურგშიც იბრძოლებს

თამაზ ახობაძე, რომელიც 2014 წელს დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან გაანთავისუფლეს, იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელებას სტრასბურგში აპირებს.

"ეს საქმე იმდენად ცხადი და ნათელია, რომ ყველგან მოვიგებ" - უთხრა მან რადიო თავისუფლებას.

"ჩემი მოთხოვნაა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება და თუ ვერ ხდება ეს აღსრულება, მაშინ ისეთი პირობის შემოთავაზება, რაც დამაკმაყოფილებელი იქნება ჩემთვის.

1) ტოლფასი თანამდებობა;

2) ვერ აღსრულების კომპენსაცია;

3) ბოდიში ოფოციალურად.

რასაც იუსტიციის სამინისტრო მთავაზობს, განაცდურის ანაზღაურება და სამსახურში აღდგენაზე უარის თქმა ჩემი მზრიდან, ჩემთვის მისაღები წინადადება არ არის." - ამბობს თამაზ ახობაძე, რომელიც უახლოეს დღეებში გეგმავს ადვოკატთან შეხვედრას და სტრასბურგის ადამიანის უფლებების სასამართლოში შესატანი სარჩელის მომზადებას.

თამაზ ახობაძე რამდენიმე წელია ანა სუბელიანთან ერთად ცდილობს იმის დამტკიცებას, რომ მათი განთავისუფლების გადაწყვეტილება არასწორი იყო. 2017 წლის 9 მარტს სააპელაციო სასამართლომ დანაშაულის პრევენციის ცენტრს მათი სამსახურში აღდგენა და განაცდურის სრულად ანაზღაურება დააკისრა.

იუსტიციის სამინისტრომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა სასამართლომ საჩივარი დაუშვებლად ცნო, რაც ნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს.

ანა სუბელიანმა 29 დეკემბერს Facebook-ის გვერდის საშუალებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ის დათანხმდა იუსტიციის სამინისტროს შეთავაზებას, წასულიყო მორიგებაზე და იმაზე ნაკლები თანხის სანაცვლოდ, რაც რეალურად ეკუთვნოდა, შეწყვიტა მათთან სამართლებრივი ბრძოლა.