რუსთავი-თბილისის რამდენიმე მარშრუტზე მგზავრობის ღირებულება გაძვირდა

29 დეკემბერს დილიდან, რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავი თერთმეტი სამარშრუტო ხაზიდან შვიდზე მძღოლებმა მგზავრობის ღირებულება 50 თეთრით გაზარდეს და 2 ლარი გახდა.

თერთმეტივე მარშრუტს მგზავრთა გადამზიდავი კომპანია „ინტერტრანსი“ ფლობს. ინტერტრანსის“ კომერციულმა დირექტორმა თენგის სანიკიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ეს მძღოლების თვითნებური გადაწყვეტილებაა, თუმცა,„ინტერტრანსი“ უკვე ერთი წელია რუსთავის მერიისგან ფასის გაზრდას ოფიციალურად ითხოვს. რუსთავის მერიის ტრანსპორტის მონიტორინგის განყოფილებაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ თვითნებური მოქმედებისთვის კომპანია ჯარიმა დაეკისრება.
რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა მძღოლების გადაწყვეტილებას სანებართვო პირობების დარღვევად მიიჩნევს.

"ტარიფის ზრდა არის თვითნებური და არ ექვემდებარება მგზავრთა მხრიდან გადახდას. მერიის შესაბამისი სამსახურები, რომელთაც ევალებათ მონიტორინგი, აფიქსირებენ თუ რომელ მარშრუტზე არის ფასი გაზრდილი და მათ მიმართ აუცილებლად გატარდება შესაბამისი სანქციები, არსებობს საკრებულოს შესაბამისი დადგენილებაც, რომლის მიხედვითაც ტარიფი დადგენილია და მისი თვითნებურად გაზრდის უფლება არავის არ აქვს, ეს არის კანონის დარღვევა და კანონს ყველა უნდა დაემორჩილოს“ - განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.

27დეკემბერს ინტერტრანსის მძღოლები მგზავრობის ღირებულების ორ ლარამდე გაზრდის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს.

მძღოლებმა მაშინ განაცხადეს, რომ კომპანიის კუთვნილი მანქანების საწვავით მომარაგებას, მოვლა-შეკეთებას თავად მძღოლები უზრუნველყოფენ, საწვავსა და მანქანის შეკეთებაზე ფასების ზრდის გამო უჭირთტრანსპორტის მოვლა-შენახვა.
Facebook-ზე უკვე შექმნილია ივენთი, რომელიც საპროტესტო აქციას აანონსებს. ამმ ივენთის მიხედვით, 29 დეკემბერის საღამოს რუსთაველები გააპროტესტებენ რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრობის ღირებულების გაზრდას.