ეკა ბესელია მმართველი გუნდის დატოვებას გამორიცხავს

ეკა ბესელია

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარე ეკა ბესელია „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში გამორიცხავს მმართველი გუნდის დატოვებას. „ჩემთვის მთავარია, რომ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების უვადოდ გამწესების პროცესი შეჩერდა. ჩემთვის მთავარია ასევე, არ შეჩერდეს კომიტეტის საქმიანობა. ახალი წლების შემდეგ მექნება დრო, რომ ვისაუბრო ჩემს გეგმებზე. მე ვარ იმ გუნდში, რომლის ერთ-ერთი პირველი დამფუძნებელი ვარ“, - ამბობს ეკა ბესელია. მისი ინფორმაციით, კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვებამდე კომუნიკაცია ჰქონდა პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერთან, ბიძინა ივანიშვილთან. „პარტიის თავმჯდომარესთან მქონდა საუბარი და მაქვს კომუნიკაცია. გადაწყვეტილების მიღებამდეც მქონდა. არ მინდა ამ თემებზე საუბარი“, - აღნიშნა ბესელიამ. მან დაადასტურა, რომ პარლამენტის თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან გარკვეულ საკითხებზე განსხვავებული პოზიციები ჰქონდა, თუმცა, ეკა ბესელიას თქმით, კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადადგომა გადაწყვიტა მოსამართლეთა შერჩევის პროცესის და არა ვინმესთან უთანხმოების გამო.

ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება 27 დეკემბერს გამოაცხადა. ბესელია შესაბამის წერილობით განცხადებას პარლამენტის ბიუროს პირველსავე სხდომაზე წარუდგენს.