ნაციონალური მოძრაობა ითხოვს საპარლამენტო კომისიამ გამოიძიოს მაჩალიკაშვილის მკვლელობა

თემირლან მაჩალიკაშვილი

ფრაქციამ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოს პარლამენტს წარუდგინა დადგენილების პროექტი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე. ოპოზიციური პარტია მოითხოვს, რომ საპარლამენტო კომისიამ შეისწავლოს 2017 წლის 26 დეკემბერს, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის გარემოებები. „ნაციონალური მოძრაობის“ შეფასებით, იკვეთება სახელმწიფო ორგანოს და თანამდებობის პირების კანონსაწინააღმდეგო ქმედებები, რამაც გამოიწვია თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფა. „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინ გასცა ბრძანება და რის საფუძველზე, ჰქონდათ თუ არა უტყუარი მტკიცებულებები საგამოძიებო ორგანოებს და არსებობდა თუ არა საფუძვლიანი ეჭვი, რომლის შედეგადაც განხორციელდა პირის ლიკვიდაცია. „ნაციონალური მოძრაობა“ აღნიშნავს, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში დაზარალებულებს აქვთ საფუძვლიანი კითხვები და უნდობლობა გამოძიების მიმართ, რომელსაც დღემდე არ მოუხდენია სათანადო სამართლებრივი რეაგირება.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პანკისის ხეობაში 2017 წლის 26 დეკემბერს ჩაატარა სპეცოპერაცია, რომლის დროსაც საკუთარ სახლში დაჭრეს 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი. ის 10 იანვარს, საავადმყოფოში გარდაიცვალა. უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სპეცოპერაცია მიმართული იყო იმ პირების წინააღმდეგ, რომლებმაც დახმარება გაუწიეს 2017 წლის ნოემბერში, თბილისში განეიტრალებულ ახმედ ჩატაევს და მისი დაჯგუფების წევრებს. ოფიციალური ვერსიით, სპეცრაზმელმა თემირლან მაჩალიკაშვილს მას შემდეგ ესროლა, რაც მან ხელყუმბარის აფეთქება სცადა. ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფენ მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები. ისინი უარყოფენ ტერორისტებთან თემირლან მაჩალიკაშვილის კავშირსაც. სპეცრაზმელთა მიერ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტს ამ დრომდე იძიებს საქართველოს პროკურატურა.