ანა დოლიძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, „ყველანაირ ჩარჩოებს აცდენილი ერთი კაცის სპექტაკლის“ უწოდებს მოსამართლე ლევან მურუსიძის უვადოდ დანიშვნას სააპელაციო სასამართლოში. ამ გადაწყვეტილებას დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა უმრავლესობამ – 11-მა წევრმა დაუჭირა მხარი.
ანა დოლიძის თქმით, ლევან მურუსიძე იუსტიციის საბჭოში მოვიდა იმ პოტენციურ საფრთხესთან დაკავშირებით, რომელსაც სასამართლოში არსებული ე.წ კლანი საკუთარ თავთან მიმართებაში ხედავს. „ეს მიუთითებს კონკრეტულად, რატომ არის საშიში ლევან მურუსიძე და მისნაირი მოსამართლეები სასამართლო სისტემაში. იმიტომ, რომ ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ნებისმიერ ჩანაწერს კანონში გაიგებენ ბუკვალურად და არ თვლიან თავიანთ თავს ვალდებულად, რომ ემსახურონ სამართლიანობას. ეს მან თვითონ აღიარა“, - განაცხადა დოლიძემ.
ლევან მურისიძეს, როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის წევრს, 2007 წელს მონაწილეობა აქვს მიღებული გადაწყვეტილებაში, რომლის ძალითაც სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულებს სასჯელები შეუმცირდათ.
თავად მოსამართლე მურუსიძე აცხადებს, რომ მოქმედი კანონმდებლობის ჩარჩოებში სასამართლოს სხვა გადაწყვეტილების მიღება არ შეეძლო.
27 დეკემბერს ლევან მურუსიძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში უვადოდ დაინიშნა. მან კეთილსინდისიერების კრიტერიუმში 95%, ხოლო კომპეტენტურობაში 94%-ი მიიღო.