რუსთავი-თბილისის მარშრუტზე მოძრავმა მძღოლებმა გამაფრთხილებელი აქცია გამართეს. კომპანია „ინტერტრანსის“ მძღოლები მგზავრობის ღირებულების ორ ლარამდე გაზრდას ითხოვენ. რამდენიმე საათით შეფერხებული იყო მოძრაობა თბილისის მიმართულებით. ერთ-ერთი მძღოლი ალეკო კოკაია რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ მძღოლები გაძვირებულ საწვავს ვეღარ ყიდულობენ: „მანქანას მოვლა უნდა, გაძვირდა მისი შეკეთება, მარაგნაწილები, მთელ ხარჯებს ჩვენ ვიხდით".
თენგიზ სანიკიძე, „ინტერტრანსის“ კომერციული დირექტორი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ აქცია მძღოლების ინიციატივით გაიმართა. მისი თქმით, კომპანიამ ჯერ კიდევ ერთი წლის წინ მიმართა რუსთავის მერიას მგზავრობის ღირებულების 1,5 დან 2 ლარამდე გაზრდის მოთხოვნით. კომპანია კვლავ გეგმავს ამ საკითხთან დაკავშირებით მიმართოს მერიას.
მძღოლები ამბობენ, რომ თუკი მგზავრობის ღირებულება არ გაიზრდება, ისინი გაიფიცებიან და აღარ გავლენ ხაზებზე.