ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს იმედი აქვს, რომ რუსეთთან უახლოეს ხანში მიაღწევენ „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის“ მცხოვრებთათვის რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებულად მიღების შეთანხმებას. 26 დეკემბერს საღამოს, ცხინვალში გამართულ პრესკონფერენციაზე ბიბილოვმა განაცხადა, რომ შეთანხმების პროექტს ამჟამად განიხილავენ შესაბამისი სამინისტროები და უწყებები. დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ რეგიონის მცხოვრებნი უახლოეს ხანში შეძლებენ რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღებას. ამასთან, ბიბილოვმა აღიარა, რომ საკითხი პრობლემურია, თუმცა მის გადასაწყვეტად მუშაობენ. „ჩვენ ინტეგრაციული პროცესების გზით მივდივართ. რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღების შეთანხმება სწორედ ინტეგრაციული პროცესია. ცოტა მოთმინებაა საჭირო“ - განაცხადა ბიბილოვმა. სააგენტო „რესის“ ინფრმაციით, მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღების საკითხი ანატოლი ბიბილოვმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 2017 წლის ნოემბერში განიხილეს.