სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის(სუს) ანტიკორუფციული სააგენტო იძიებს სისხლის სამართლის საქმეს სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორის ლევან შონიას წინააღმდეგ. სუს-ის განცხადებით, „ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, მოხელეების მიერ ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კანონით აკრძალული საჩუქრის მიღების ფაქტზე სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი ლევან შონია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.” სუს-ის ცნობით, „გამოძიებამ დაადგინა, რომ 2018 წლის მაისში, სამეგრელო-ზემო სვანეთის იმჟამინდელი გუბერნატორის ლევან შონიას თხოვნით, მის მიერ მითითებული პიროვნების - გ.ა-ს სახელზე, მისთვის გადასაცემად მოქალაქე ზ.კ-მ 10 000 აშშ დოლარი ჩარიცხა, რაც ლევან შონიას გადაეცა. აღნიშნული ფაქტი დადასტურებულია მოწმეთა ჩვენებებით, საბანკო ამონაწერის დათვალიერებით, ზ.კ-ს ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაციით და საჯარო სამსახურის ბიუროს და ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს წერილებით.“ ლევან შონიას მიმართ გამოძიება მიმდინარეობს კანონით აკრძალული საჩუქრის მიღების ფაქტზე.