ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მცხოვრებთ ე.წ. საზღვრის გადაკვეთის წესი შეუცვალეს

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობამ შეცვალა დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვრის გამარტივებულად გადაკვეთის წესი. სააგენტო „რესის“ ინფორმაციით, ცხინვალში დღეს გამართულ სხდომაზე მიღებული დადგენილებით, „საზღვრის“ გადაკვეთას ადგილობრივი მოქალაქეები შეძლებენ მხოლოდ სპეციალური საშვით. დღემდე, ოკუპირებული რეგიონის მცხოვრებნი დანაჩენი საქართველოს ტერიტორიაზე გადადიოდნენ „სამხრეთ ოსეთის პასპორტით“ და საშვით. დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, ვლადიმირ ხუბაევის განცხადებით, ახალი წესი შესაბამის სტრუქტურებს მისცემს ინფორმაციას იმ მოქალაქეებზე, რომლებიც „საქართველოსთან საზღვარს“ გამარტივებული წესით კვეთენ. ამჟამად ერთადერთი ე.წ. სასაზღვრო-გამშვები პუნქტი ახალგორის რაიონში მდებარეობს.