ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე სასამართლოში დაკითხეს

თბილისის საქალაქო სასამართლო

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდის მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის, დ.ღ-ს სასამართლო პროცესზე მოწმის სტატუსით დაკითხეს ამავე საქმის ერთ-ერთი მონაწილე მ.კ. მას მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე მიიჩნევს მკვლელობის უშუალო მონაწილედ და დიდი ხანია მოითხოვს მის დაკავებას. დაკითხვის შემდეგ მ.კ-ს ადვოკატმა ანა კოტეტიშვილმა განაცხადა, რომ ჩვენების შინაარსზე საჯაროდ ვერ ისაუბრებს, რადგან სასამართლო საქმეს დახურულ სხდომაზე განიხილავს. „ვერ დაგიდასტურებთ მისი ჩვენებით ბრალდების მხარის პოზიცია გამყარდა თუ არა, რადგან სხდომა დახურულია“ - უთხრა ჟურნალისტებს კოტეტიშვილმა. ადვოკატმა არც ის დააკონკრეტა, საქმის რომელ ეპიზოდს უკავშირდებოდა 24 დეკემბერს, მთავარ პროკურატურაში მ.კ-ს დაბარება.