40-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა ქაბულში მომხდარ თავდასხმას

ავღანელი პოლიციელი ქაბულში 24 დეკემბერს მომხდარი თავდასხმის ადგილის მახლობლად

სულ მცირე 43 ადამიანი დაიღუპა და 25 დაიჭრა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მომხდარი თავდასხმის შედეგად. 24 დეკემბერს, დღის მეორე ნახევარში, მრავალსართულიან შენობასთან, სადაც სამთავრობო დაწესებულებებია განთავსებული, დანაღმული ავტომანქანა აფეთქდა, ამის შემდეგ კი შენობაში შეიჭრნენ შეიარაღებული პირები და სროლა დაიწყეს. ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თავდამსხმელების წინააღმდეგ უსაფრთხოების ძალების რამდენიმე საათიანი ოპერაციის შედეგად სამივე ტერორისტი ლიკვიდირებულია. სპეცოპერაციის მიმდინარეობისას შენობაში მყოფმა რამდენიმე ასეულმა ადამიანმა თავი ბარიკადების მოწყობით დაიცვა. ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ოპერაციის მსვლელობისას პოლიციელებმა შეძლეს შენობიდან 350-ზე მეტი ადამიანის გამოყვანა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.