ცესკომ თავმჯდომარე უნდა აირჩიოს

საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში(ცესკო) დღეს ფარული კენჭისყრა ჩატარდება ცესკოს თავმჯდომარის ასარჩევად. ამ თანამდებობაზე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციის შემდეგ, 21 დეკემბერს წარადგინა სამი კანდიდატი - ცესკოს თავმჯდომარედ 2013 წელს არჩეული თამარ ჟვანია, რომელსაც ხუთწლიანი უფლებამოსილების ვადა ამოეწურა, პრემიერ-მინისტრის აპარატის თანამშრომელი მარიამ შელეგია და არასამთავრობო ორგანიზაციის, „სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელი ვლადიმერ ბოჟაძე. ცესკოს წევრები თავმჯდომარეს ირჩევენ სრული შემადგენლობის ხმათა ორი მესამედით. ცესკოს თავმჯდომარის გარდა ჰყავს კიდევ 11 წევრი. თუ მათგან საკმარის ხმას ვერცერთი კანდიდატი ვერ მიიღებს, ცესკოს თავმჯდომარეს 7 დღის ვადაში აირჩევს საქართველოს პარლამენტი. ცესკოს სხდომა 14 საათზეა დანიშნული.