ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის, იოსებ ჩახვაშვილის შეფასებით, სტატისტიკის მიხედვით ძალიან არ არის გაზრდილი ირანის იმ მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებიც საქართველოში არ შეუშვეს.
"მარტო ნოემბრის თვეში დაახლოებით 17 000 ირანელი შემოვიდა საქართველოს საზღვარზე. ამათგან, მხოლოდ 425 ადამიანი არ იქნა დაშვებული ქვეყანაში. ეს პროცენტულადაც ძალიან მცირე რიცხვია. ირანის ელჩს ჰქონდა შეხვედრები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან და მის მოადგილესთან. შედგა საფუძვლიანი საუბარი. მხარეებმა გამოხატეს სრული მზადყოფნა სამომავლო თანამშრომლობისა და გარკვეული ხარვეზების აღმოფხვრისთვის. საზღვარზე წარმოშობილი ყველა კონკრეტული შეხვედრა განიხილება ორმხრივ ფორმატში. მოლაპარაკებების შედეგად, ყოველი კონკრეტული შემთხვევა იქნება გამოკვლეული და მომავალში გაუგებრობებს ადგილი აღარ ექნება.“-განაცხადა იოსებ ჩახვაშვილმა, რომლის თქმითაც , უახლოეს მომავალში შეხვედრები ორმხრივ ფორმატში შედგება, მათ შორის ირანის სასაზღვრო დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან.
ირანში საქართველოს ელჩის, იოსებ ჩახვაშვილის ინფორმაციით, პრობლემების ნაწილი ირანიდან საქართველოში ნარკოტიკების შემოტანასთან იყო დაკავშირებული.