გამსახურდიები დიპლომატიურ კორპუსს სთხოვენ, დაინტერესდნენ ზვიად გამსახურდიას საქმით

ცოტნე და კონსტანტინე გამსახურდიები

ცოტნე და კოსტანტინე გამსახურდიებმა საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატებსა და უფლებადამცველებს მოუწოდეს, დაინტერესდნენ საქართველოს პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების საქმით.

გამსახურდიები ასევე სთხოვენ დიპლომატიურ კორპუსს, მოუწოდონ ხელისუფლებას, შეიტანოს ცვლილებები კანონში, რათა დაიშვას გამონაკლისი და ხანდაზმულობის ვადა არ გავრცელდეს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკური ნიშნით მოკლული პირების საქმეებზე. ზვიად გამსახურდიას საქმე 31 დეკემბერს, შესაძლოა, სწორედ ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო დაიხუროს.

„ვინაიდან ჩვენ გვყავს აშკარა მტერი, რომელსაც არაერთი ასეთი პოლიტიკური მკვლელობის დაგემვასა თუ განხორციელებაში მიუღია მონაწილეობა, ეს პირველ რიგში საჭიროა ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის“, - ამბობს ცოტნე გამსახურდია.

მისივე თქმით, კიდევ ერთი მოთხოვნა არის დამოუკიდებელი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომელიც გამოიძიებს იმ პირთა დანაშაულებრივ ქმედებებს, ვინც საქმის გამოძიებას შეუშალა ხელი.