დავით კირკიტაძე შიმშილობას იწყებს

"გაერთიანებული ოპოზიციის" წევრის, 17 დეკემბერს დაკავებული დავით კირკიტაძის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს და შიმშილობას იწყებს. ადვოკატმა, გიორგი კონდახაშვილმა ეს ჟურნალისტებს კახეთის სამხარეო სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ აცნობა. "მას ბრალი წარდგენილი აქვს პოლიციის თანამშრომელზე თავდასხმასთან დაკავშირებით. ბატონი დავითი აცხადებს შიმშილობას. ის თავს დამნაშავედ არ ცნობს. იგი არის პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტი ხელისუფლების მხრიდან" - აცხადებს ადვოკატი.

შს სამინისტროს ცნობით, კირკიტაძე კახეთისკენ მიმავალ გზაზე დააკავეს. "გამოძიების ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტმა, 16 დეკემბერს, ველისციხეში გამართულ აქციაზე, პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისთვის და ქონების დაზიანებისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, მოსამართლის განჩინებით დააკავა გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერი დავით კირკიტაძე", - ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში. დანაშაული ისჯება როგორც ჯარიმით, ასევე თავისუფლების აღკვეთით.