შს მინისტრმა თქვა, რომ ყველა დაისჯება, სტატუსის მიუხედავად და ასეც უნდა მოხდეს,- განაცხადა „ქართული ოცნების“ უმრავლესობის წარმომადგენელმა, ეკა ბესელიამ, 17 დეკემბერს, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე. მისი თქმით, 16 დეკემბერს, კახეთის ინციდენტის დროს, გამოვლინდა აშკარა კანონდარღვევა ოპოზიციის წარმომადგენელთა მხრიდან და უნდა დადგეს შესაბამის პირთა პასუხისმგებლობის საკითხი.
„ბატონ გახარიას არცერთ მის კომენტარში არ უთქვამს, რომ მხოლოდ ოპოზიცია დაისჯება. მან თქვა, რომ ყველა (დაისჯება), სტატუსის მიუხედავად... დიახ და... სტატუსის მატარებელი ყველაზე მკაცრად ისჯება, ასე წერია კოდექსში... იმიტომ, რომ, რაც უფრო მაღალია პოლიტიკური თანამდებობის პირის სტატუსი, მაღალია პასუხისმგებლობა... როგორ იქცეოდა თქვენი კოლეგა პარლამენტის წევრი, ეს გუშინაც ვთქვი, რომ არის მაგალითი - როგორ არ უნდა იქცეოდეს. პარლამენტის წევრი კანონის დაცვის მაგალითი უნდა იყოს“, - განაცხადა ბესელიამ. ის ნიკანორ მელიას გულისხმობდა და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის მიერ კანონის დარღვევის შესახებ კომენტარი ბესელიამ 16 დეკემბერსაც გააკეთა.
როგორც 17 დეკემბერს, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა ეკა ბესელიამ, შს მინისტრი მივა პარლამენტში, დეპუტატებთან შესახვედრად, თუმცა ასევე აუცილებელია, დადგეს ყველა დამნაშავის პასუხისმგებლობის საკითხი. „ვიდრე გახარიას მოსვლას მოითხოვთ აქ და ის მოვა პარლამენტში, რადგან ეს ითქვა, მაგრამ... იქამდე თუ იმის შემდეგ, საჭიროა სწრაფი, დაუყოვნებლივი რეაგირება მომხდარზე... და რა ვიცი, ვინ რას ახტებოდა თავზე, ავტობუსს თუ მანქანას ატრიალებდა, თუ პარლამენტის მანქანას ესხმოდა თავს, უნდა მოხდეს ამაზე რეაგირება... ოპოზიციაში ხართ თუ ხელისუფლებაში ხართ, ხელწერა არ გეცვლებათ, ერთნაირად იქცევით, ხალხო“, - მიმართა ეკა ბესელიამ ოპოზიციის წარმომადგენელ დეპუტატებს.