ქართველი მასწავლებელი მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალისტებს შორის მოხვდა

მასწავლებელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლიდან, ლადო აფხაზავა მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს 50 ფინალისტს შორის მოხვდა.

მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს მიზანი მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ყველაზე შთამაგონებელი და მონდომებული მასწავლებლის პოვნაა, რომელთაგან გამარჯვებულიც ჯილდოდ მილიონ დოლარს მიიღებს.

"ჩვენმა ფინალისტებმა შეცვალეს მათი სტუდენტების ცხოვრება, ისინი ჩემპიონები არიან ცვლილებებში.

დაბალი ხარისხის განათლება არის მთავარი მიზეზი, რის გამოც მსოფლიო დგას სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების წინაშე. ჩვენ გვჯერა, რომ განათლებას აქვს ძალა, შეამციროს ძალადობა, სიღარიბე და კონფლიქტები.

მასწავლებლის როლი ჩვენი ბავშვების განათლებაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია; ბევრ ქვეყანაში მასწავლებლის პროფესია ნაკლებად პრესტიჟული ხდება. დაჯილდოების მიზანი ამ პროფესიის პოპულარიზაცია და განსაკუთრებული პროფესიონალების აღმოჩენა და გაძლიერებაა." - ვკითხულობთ დაჯილდოების ოფიციალურ ვებ-საიტზე. ​

"ვლადიმერი ასწავლის საქართველოს ღარიბ რეგიონში, სადაც მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა. მისი მოსწავლეების მშობლების დიდი ნაწილი უცხო ქვეყნებშია წასული სამუშაოდ, რათა დაეხმარონ თავიანთ ოჯახებს ფინანსურად. ბავშვები ხშირად საუზმის გარეშე მიდიან სკოლაში და ყოფილა შემთხვევები, როცა სასწრაფოს გამოძახება დასჭირვებიათ ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. მოსწავლეებს ზოგჯერ უწევთ სწავლის შეწყვეტა იმისათვის, რომ თურქეთში წავიდნენ სამუშაოდ.

ამ რეგიონში ბავშვებს ბევრი პრობლემა აქვთ და ვლადიმერის მისიაა როგორც ბაშვების დახმარება, ისე ამ პრობლემების შესახებ ინფორმაციის გავრცელება. ამ მისიის წარმატებით შესრულებისთვის მან გასულ წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოც მოიპოვა." - ასე აცნობენ დაჯილდოების ორგანიზატორები ქართველ მასწავლებელს.