პაკისტანი აკრიტიკებს გადაწყვეტილებას რელიგიური თავისუფლების დამრღვევთა სიაში მისი შეყვანის შესახებ

პაკისტანი აკრიტიკებს აშშ-ის გადაწყვეტილებას რელიგიური თავისუფლების დამრღვევთა შავ სიაში მისი შეყვანის შესახებ. ამ ნაბიჯს პაკისტანი „ცალმხრივსა და პოლიტიკურად მოტივირებულს“ უწოდებს.

პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროს 12 დეკემბრის განცხადებაში ქვეყანა მოხსენიებულია „მრავალრელიგიურ და პლურალისტურ საზოგადოებად“. „პაკისტანი არ საჭიროებს რომელიმე სხვა ქვეყნის რჩევას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დაიცვას თავისი უმცირესობების უფლებები“, აცხადებს სამინისტრო.

11 დეკემბრის განცხადებაში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო აღნიშნავს, რომ პაკისტანსა და რამდენიმე სხვა ქვეყანას მიაკუთვნებს „განსაკუთრებული შეშფოთების გამომწვევ ქვეყნებს“ 1998 წლის საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების აქტის მიხედვით.

ამ კატეგორიის ქვეყნებად, პაკისტანის გარდა, სახელდებიან ჩინეთი, ერითრეა, ირანი, ბირმა, ჩრდილოეთი კორეა, სუდანი, საუდის არაბეთი, ტაჯიკეთი და თურქმენეთი. აქამდე პაკისტანს მიაკუთვნებდნენ ქვეყნებს, რომელთაც საგანგებო დაკვირვება სჭირდებათ.