საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის შეფასებით, თავად აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს აყენებს შეურაცხყოფას ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობა ბლოკავს ელჩად ბრიჯიტ ბრინკის დანიშვნას.
„აშშ-ს ვერავინ ვერსად დაუბლოკავს ელჩს და ვფიქრობ, ეს ყველამ კარგად იცის თავად აშშ-შიც“ - უთხრა ჟურნალისტებს თამარ ჩუგოშვილმა. 10 დეკემბერს, ამერიკულმა გამოცემამ Foreign policy-მ გამოაქვეყნა სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით მომზადებული სტატია, რომლის თანახმად, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით საქართველოს მთავრობა ბლოკავს აშშ-ის ელჩად ბრიჯიტ ბრინკის დანიშვნას, რადგან მას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ კეთილგანწყობილად მიიჩნევს.
„ეს კითხვა თვითონ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და მძლავრი ინსტიტუტია, ძალიან სერიოზულ შეურაცხყოფას აყენებს“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა. ინფორმაციას არასერიოზული უწოდა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ.„ასეთი არასერიოზული ბრალდება სერიოზულ კომენტარს არ იმსახურებს. ასე არ ხდება. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ვინ იქნება წარგზავნილი დიპლომატიურ პოზიციაზე ასე იბლოკებოდეს, ეს არასერიოზულია", - უთხრა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ.
ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობა ბლოკავს სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ბრიჯიტ ბრინკის ელჩად დანიშვნას, ოქტომბერშიც გავრცელდა. მაშინ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ ეს სპეკულაციაა.