მამუკა ბახტაძე: 2019 წელს დაახლოებით 600 000 მოქალაქე შეხვდება ვალების გარეშე

„2019 წელს დაახლოებით 600 000 მოქალაქე შეხვდება ვალების გარეშე“, - ამის შესახებ, მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, რომლის თქმითაც, ხელისუფლების ოპონენტებს ჰქონდათ მცდელობა ჩრდილი მიეყენებინათ ამ ინიციატივისთვის, თუმცა არაფერი გამოუვიდათ.

„საქართველოში მკვიდრდება სამართლიანი თამაშის წესები და ამის ერთ-ერთი გამოხატულება არის პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა. ჭარბვალიანობა ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი მტკივნეული გამოწვევაა და ამ პრობლემის მოსაგვარებლად ძალიან აქტიურად ვმუშაობთ. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი რომელსაც გადავდგამთ, არის ის, რომ დაახლოებით 600 000 მოქალაქე 2019 წელს შეძლებს შეხვდეს ვალების გარეშე და არ იყოს დარეგისტრირებული ე.წ. შავ სიაში. ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ პრობლემების მოგვარებაზე, ჩვენ ვსაუბრობთ კონკრეტულ მოგვარების წესებსა და თარიღებზე“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, 10 დეკემბერს ამოქმედდება სპეციალური საიტი, რომელიც საბანკო დავალიანებების ჩამოწერასთან დაკავშირებით შეიქმნა.

„მე განვაცხადე, რომ 15 დეკემბრიდან 30 დეკემბრის ჩათვლით, პერიოდულად მოხდებოდა ჩვენი მოქალაქეების ამოღება ამ ე.წ. შავი სიიდან. დღეს, 18:00 საათზე ჩაეშვება ვებსაიტი, სადაც ჩვენი მოქალაქეების ნაწილი შეძლებს დარეგისტრირდეს. ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ რამდენიმე მსხვილ კერძო ორგანიზაციაზე, კერძოდ, დღეს და ხვალ აიტვირთება ბაზები, სადაც წარმოდგენილნი იქნებიან „საქართველოს ბანკის“, „თიბისი ბანკისა“ და „ლიბერთი ბანკის“ მომხმარებლები. მუშაობა მიმდინარეობს 24-საათიან რეჟიმში. ინფორმაცია არის ძალიან მასშტაბური და ფონდი „ქართუ“ ძალიან აქტიურად მუშაობს ამ საკითხზე. 15 დეკემბრიდან მიმდინარე წლის ბოლომდე ჩვენი მოქალაქეების ამოღება მოხდება ე.წ. შავი სიიდან და ჩვენი მოქალაქეების დიდი ნაწილი შეხვდება ახალ წელს ამ მტკივნეული პრობლემის გარეშე“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.