თბილისის იუსტიციის სახლის ცენტრალური შესასვლელი დაიკეტა მას შემდეგ, რაც შენობაში შესვლა სცადეს უცხოელების მიერ საქართველოში მიწის ფლობის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციის მონაწილეებმა. ისინი იუსტიციის სამინისტროს მიმართავენ, არ დაუშვას უცხოელებზე მიწის გასხვისება და მინისტრთან, თეა წულუკიანთან შეხვედრას მოითხოვენ.
7 დეკემბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა პარლამენტის წინააღმდეგ საბერძნეთის მოქალაქეების, პროკოპი სავიდის და დიანა შამანიდის სარჩელი და ძალადაკარგულად ცნო ნორმა, რომლითაც საქართველოს ახალი კონსტიტუციის ამოქმედებამდე შეჩერებული იყო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, მათ შორის, მემკვიდრეობით მიღებულ მიწაზე უცხოელების საკუთრების უფლება. ამ შეზღუდვის გამო მოსარჩელეები ვერ ახერხებდნენ მემკვიდრეობით მიღებული მიწის საკუთრებაში დარეგისტრირებას.