დავით ზალკალიანმა ეუთოში ისაუბრა ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მძიმე ვითარებაზე

დავით ზალკალიანი ეუთოს მინისტერიალზე. მილანი, 2018 წლის 6 დეკემბერი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასა და ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე ისაუბრა მილანში, ეუთოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს 25-ე სესიაზე. ზალკალიანის განცხადებით, რუსეთი სისტემატურად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს. “ხელოვნური ბარიერების აღმართვის გზით საოკუპაციო ხაზის გამაგრების შედეგად, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ჰუმანიტარული მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. ჩვენ უკიდურესად შეშფოთებულნი ვართ ორივე რეგიონში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების სისტემატური დარღვევით, მათ შორის, ქართველების ეთნიკური დისკრიმინაციით. ასი ათასობით იძულებით გადაადგილებულ პირს და ლტოლვილს - ეთნიკური წმენდის მსხვერპლს კვლავ წართმეული აქვს თავის საცხოვრებელ ადგილზე უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნების უფლება“ - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა. დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას და არჩილ ტატუნაშვილის სასტიკი მკვლელობა კიდევ ერთი შეხსენებაა საგანგაშო მდგომარეობის საქართველოს ორ ოკუპირებულ რეგიონში, სადაც საერთაშორისო მონიტორინგის არანაირი მექანიზმი არ არსებობს. ზალკალიანის თქმით, გამოწვევების მიუხედავად საქართველო განაგრძობს კონსტრუქციულ მონაწილეობას ჟენევის დისკუსიებში, ცალმხრივად არაერთხელ იკისრა ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება და მიჰყვება სამშვიდობო პოლიტიკას საოკუპაციო ხაზით გაყოფილი მოსახლეობის ჩართულობის და შერიგების მიზნით

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა ქერჩის სრუტეში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებულ შეიარაღებულ აგრესიაზეც, რომელიც საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევად შეაფასა.