CNN: აშშ გეგმავს შავ ზღვაში სამხედრო გემის გაგზავნას

ქერჩის სრუტეში უკრაინულ გემებზე რუსი მესაზღვრეების შეიარაღებული თავდასხმით გამოწვეული ესკალაციის გამო, აშშ აპირებს შავ ზღვაში სამხედრო გემის გაგზავნას - ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი იუწყება. მისი წყაროების ინფორმაციით, ამერიკელმა სამხედროებმა სახელმწიფო დეპარტამენტს თხოვეს თურქეთის ინფორმირება, რომ ამერიკული გემი აპირებს გავლას შავ ზღვასთან დამაკავშირებელ ბოსფორის და დარდანელის სრუტეებში. საერთაშორისო შეთანხმებით, ქვეყნებმა, რომლებსაც შავ ზღვაზე გასასვლელი არ აქვთ, თურქეთს 15 დღით ადრე უნდა შეატყობინონ მათი გემების ტრანზიტის შესახებ.

აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო ოფიციალურად ჯერჯერობით არ ადასტურებს, რომ შავ ზღვაში სამხედრო გემის გაგზავნა იგეგმება. მე-6 ფლოტის სარდალმა, კაილ რეინსმა CNN-ს მხოლოდ ის უთხრა, რომ უსაფრთხოების და სტაბილურობის განმტკიცების მიზნით, რეგულარულად ატარებენ ოპერაციებს, მათ შორის შავი ზღვის საერთაშორისო წყლებსა და საჰაერო სივრცეში და აქვთ თავისუფლად მოქმედების უფლება საერთაშორისო სამართლის ფარგლებში.

„ჩვენ რუტინულად ვასრულებთ ოპერაციებს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხელშესაწყობად აშშ-ის მე-6 ფლოტის მოქმედების არეალში, მათ შორის შავი ზღვის საერთაშორისო წყლებსა და საჰაერო სივრცეში,“ განუცხადა CNN-ს რეინსმა. „ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, თავისუფლად ვიმოქმედოთ საერთაშორისო კანონებისა და ნორმების ფარგლებში“, თქვა მან.

2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდში აშშ-მა ფოთის პორტში გამოგზავნა მე-6 ფლოტის ფლაგმანი Mount Whitney. მას შემდეგ ეს გემი საქართველოს რამდენჯერმე სტუმრობდა ერთობლივი წვრთნების მიზნით.