სამართალდამცავებმა თბილისში დააკავეს საქართველოს პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური და კიდევ ერთი პირი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ისინი დაკავებულნი არიან ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვის და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე. შსს-ს ცნობითვე, თბილისში, ამაშუკელის ქუჩაზე, დაკავებულების დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას სამართალდამცავებმა ამოიღეს ტყვიაგაუმტარი ჟილეტი, ხოლო კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან ამ პირების მიერ ბინიდან გადაგდებული ორი პისტოლეტი, რომელსაც ექსპერტიზა ჩაუტარდება. მინდია გოგოჭური დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს, მეორე პირი კი პენიტენციურ დაწესებულებაში. მინდია გოგოჭური, რომელიც საქართველოს პირველი ლედის, მაკა ჩიჩუას ქალიშვილის ქმარია, 2017 და 2018 წლებში თბილისში, ცეცხლსასროლი იარაღით ორჯერ დაჭრეს. გოგოჭურის სახელი ფიგურირებს სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეში.