უკრაინელი რეჟისორი სერგეი ლოზნიცა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შექმნილ პრობლემაზე ელაპარაკა რადიო თავისუფლებას. რეჟისორი, თბილისის მეცხრამეტე კინოფესტივალის ფარგლებში, 4 დეკემბერს ჩამოვიდა თბილისში. როგორც ის რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, თბილისის აეროპორტში უკრაინელი სტუმრები ცალკე ოთახში გაჰყავდათ და კითხვებს უსვამდნენ:
„აჩერებდნენ ყველა იმ პირს, ვისაც უკრაინული პასპორტი ჰქონდა. მიჰყავდათ ცალკე ოთახში, სადაც მათ ექვსი-შვიდი კაცი უსვამდა კითხვებს. ამ პირებს არ ეცვათ ფორმა და ისინი არ ასახელებდნენ თუ რომელი უწყებიდან იყვნენ. გვეკითხებოდნენ, საიდან ხართ, რატომ ჩამოხვედით, რა ხართ პროფესიით და ა.შ. მართალია, ისინი ზრდილობიანად იქცეოდნენ, მაგრამ მაინც, ვინ იყვნენ ისინი, ვის ვესაუბრებოდით... გახსოვთ, ალბათ, ბულგაკოვის ნათქვამი, არასდროს ელაპარაკოთ უცხოებს. მათ ვუთხარი, რომ დაეგუგლათ ჩემი სახელი და გვარი. დაგუგლეს და ბოდიში მომიხადეს, უკაცრავად, ვერ გიცანითო. ჩემამდე თბილისში ჩამოვიდა კიდევ ერთი უკრაინელი რეჟისორი ბანდარჩუკი. როგორც ვიცი, ის აეროპორტში სამი საათის განმავლობაში შეაფერხეს. მგონი, არ უნდა იყოს ეს კარგი საქციელი. თუნდაც იმ სიტუაციაში, როდესაც აკავებენ ვიღაც ტიპებს ავტომატებით, რომლებიც უკრაინიდან ჩამოვიდნენ, ალბათ, ცოტა სხვანაირად უნდა იმოქმედონ. ხომ არსებობს მონაცემთა ბაზა, რა საჭიროა გაჩერება, პასპორტების ჩამორთმევა და სადღაც ბნელ ოთახში გაყვანა“, - ამბობს სერგეი ლოზნიცა.
უკრაინის ექვსი და საქართველოს ერთი მოქალაქე 2 დეკემბერს გამთენიისას, სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს თბილისში. მათ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. შვიდივე დაკავებულს წარდგენილი აქვს ბრალდება ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი მოწყობილობის შეძენა-შენახვის გამო, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8-დან 11 წლამდე.
როგორც დაკავებულებმა განაცხადეს 4 დეკემბერს გამართულ სასამართლო პროცესზე, ისინი საქართველოში მშვიდობიანი, ტურისტული მიზნებითა და ახლობლების მოსანახულებლად ჩამოვიდნენ, ხოლო იარაღი მათ სპეცოპერაციის დროს, სამართალდამცველებმა ჩაუდეს.