ევროპის ქვეყნების ელჩები შეთანხმდნენ, სანქციები შემოიღონ ცხრა პირის წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ეგრეთწოდებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა“ და „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ ტერიტორიაზე არჩევნების ჩატარებისთვის. ამის შესახებ იტყობინება ბრიუსელში რადიო თავისუფლების კორესპონდენტი რიკარდ იოზვიაკი. ინფორმაცია დაადასტურა რუსეთის ზოგიერთმა მედიასაშუალებამაც. დონბასის თვითგამოცხადებული „რესპუბლიკების“ ლიდერების არჩევნები 11 ნოემბერს გაიმართა. ამავე დღეს გაიმართა საპარლამენტო არჩევნებიც. საერთაშორისო თანამეგობრობა, მათ შორის უკრაინის ხელისუფლება, მიიჩნევენ, რომ საარჩევნო ღონისძიებები უკანონოა და არღვევს მინსკის შეთანხმებებს. ამასთან დაკავშირებით აშშ დაემუქრა მოსკოვს, რომ სანქციებით ზეწოლას განახორციელებს მასზე.