გაერთიანებული ოპოზიცია მართავს საპროტესტო აქციას თბილისში, პარლამენტის შენობასთან

აქციაზე მოითხოვენ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას.

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ იმართება გაერთიანებული ოპოზიციის აქცია, რომელზეც მოითხოვენ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას. შეკრებილები აპროტესტებენ, მათი აზრით, დარღვევებით ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებსა და მათ შედეგს, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებას.

მოსალოდნელია, რომ აქციის მონაწილეებს ვიდეოჩართვით მიმართავს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც მანამდე გავრცელებულ მიმართვაში აღნიშნა, რომ, ისევე როგორც 2003 წელს მაშინდელ პრეზიდენტს არ მიეცა გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაციის საშუალება, ასევე 16 დეკემბერს დაგეგმილ პრეზიდენტის ინაუგურაციას ხალხმა უნდა უპასუხოს „წყნარად, კონსტრუქციულად, ზომიერების და კანონის ფარგლებში, ძალიან აუღელვებლად, მაგრამ ძალიან მასობრივად, რომ არ მოგცემთ საშულებას ჯიბეში ჩაიდოთ ხალხისგან მოპარული არჩევნები“.

გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, აქციაზე მხარდამჭერებს გააცნობენ მომავალი მოქმედების გეგმას.