მატისი აკრიტიკებს პუტინის ქმედებას სარაკეტო ხელშეკრულებასთან და უკრაინასთან მიმართებით

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ჯიმ მატისმა მკაცრად გააკრიტიკა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, როდესაც ის დაადანაშაულა სიცრუეში ცივი ომის პერიოდის სარაკეტო ხელშეკრულებასთან მიმართებით და დაუდევარ ქმედებაში უკრაინასთან შავ ზღვაში კონფრონტაციის დროს.

მატისმა 1 დეკემბერს ასევე განაცხადა, რომ მოსკოვმა სცადა, ჩარეულიყო აშშ-ის კონგრესის შუალედურ არჩევნებში. „ჩვენ საქმე გვაქვს ადამიანთან, რომელსაც, უბრალოდ, ვერ ენდობი“, განაცხადა მან კალიფორნიაში, რეიგანის ეროვნული თავდაცვის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას. მატისის შეფასებით, პუტინი ვერ ხედავს, რომ თავისი ქმედებებით აღვივებს უარყოფით დამოკიდებულებას თავისი ხალხის მიმართ. „ის არ მოქმედებს რუსი ხალხის ინტერესების სასარგებლოდ და (...) იწვევს ნატოს ხელახლა შეიარაღებას“.

ყირიმის ნახევარკუნძულთან 25 ნოემბრის ინციდენტზე საუბრისას, მატისმა გააკრიტიკა რუსეთი უკრაინასთან ხელშეკრულების „თავხედურად“ დარღვევისათვის.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი შეეხო უთანხმოებას საშუალო და მოკლე რადიუსის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ 1987 წლის ხელშეკრულებაზეც (INF). ვაშინგტონი მოსკოვს მის დარღვევაში ადანაშაულებს. მოსკოვი უარყოფს ბრალდებებს, თუმცა შარშან აღიარა არსებობა რაკეტისა, რომელიც ვაშინგტონმა აღმოაჩინა. მოსკოვი ირწმუნება, რომ ასეთი რაკეტა არ არღვევს ხელშეკრულებას. „საქმე გვაქვს პუტინის მიერ INF ხელშეკრულების ორპირულ დარღვევასთან“, განაცხადა მატისმა.