საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა ქუთაისის აეროპორტში მომხდარ ინციდენტს, რომლის დროსაც თავს დაესხნენ გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერ თაკო ჩარკვიანსა და მის მეუღლეს და განაცხადა, რომ ხელისუფლება ასეთი ქმედებით ოპოზიციის დაშინებას ცდილობს. თუმცა, სააკაშვილის შეფასებით, ეს ფაქტი იმაზეც მიუთითებს, რომ „ივანიშვილი თავად არის შეშინებული“.
ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, ოპოზიციას არჩევნები მოპარეს:„თითქმის 100 000 ბიულეტენია ოფიციალურად გაბათილებული, აქედან აბსოლუტური უმრავლესობა ვაშაძისთვის მიცემული ხმებია. ე.წ. „კარუსელების“ მეშვეობით ჩაყრილია, სულ ცოტა, 200 000 ხმა. „ძველი ბიჭებისა“ და „კარუსელების“ მეშვეობით მოხდა ეგზიტპოლების მანიპულირება. ჩვენ ავიღეთ თითქმის 900 000 ხმა. თეორიულადაც შეუძლებელია, რომ საქართველოში აიღო 900 000 ხმა და არ მოიგო, იმიტომ, რომ ასეთია მოსახლეობის რაოდენობა“, - განაცხადა სააკაშვილმა. მან გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერებს მოუწოდა დაიცვან საარჩევნო ხმები:
„ნუ დაგაბნევთ ცალკეული მოლოცვები, დასავლეთი გვეუბნება - თუ რამის თავი გაქვთ, გამოდით და დაამტკიცეთ, როგორც ეს 2003 წელს მოხდა, როგორც სომეხმა ხალხმა - მიმდინარე წლის აპრილში. თუ ჩვენ ამ ძალადობას დედის რძესავით შევირგებთ, ძალადობა გაგრძელდება და ძალმომრეობა შეუქცევად ხასიათს მიიღებს“.
მიხეილ სააკაშვილმა მომხრეებს მოუწოდა შეუერთდნენ 2 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ საპროტესტო აქციას.