საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, რომელმაც არჩევნების მეორე ტურში 40,48% მოაგროვა, აცხადებს, რომ ის და მისი გუნდის წევრები კანონმორჩილი მოქალაქეები არიან და არ აპირებენ რევოლუციის მოწყობას.
„ვისარგებლებთ ყველა პოლიტიკური ინსტრუმენტით, რომელსაც ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობა“, განაცხადა მან ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაცია ბიბისი-ს რუსულენოვან სამსახურთან ინტერვიუში. ჟურნალისტის შეკითხვას, ამ შემთხვევაში რატომ უხმობს მხარდამჭერებს ქუჩაში, ვაშაძემ უპასუხა: რევოლუცია და შეკრების თავისულების სხვადასხვა რამ არისო.
„ჩვენ დავრჩებით ცივილიზებული დასავლური პოლიტიკური პროცესის ჩარჩოებში“, განაცხადა ვაშაძემ. გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა ამავე ინტერვიუში აღნიშნა, რომ არასოდეს აღიარებს მეორე ტურის არჩევნების შედეგებს, თუმცა გამორიცხავს მოვლენათა განვითარების ნებისმიერ ძალადობრივ სცენარს, რაც ქვეყანას სასიკვდილო საფრთხის წინაშე დააყენებდა.