გრიგოლ ვაშაძე: „საქართველოს პრეზიდენტი არა ჰყავს... არ ვაღიარებთ არჩევნების შედეგებს..."

„საქართველოს პრეზიდენტი არა ჰყავს... არ ვაღიარებთ არჩევნების შედეგებს... მოვითხოვთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს" - ამის შესახებ გაერთიანება "ძალა ერთობაშიას" პრეზიდენტობის კანდიდატმა 29 ნოემბერს განაცხადა მომხრეებთან შეხვედრაზე თბილისის ფილარმონიაში.

“ჩვენ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები არ გვქონდა. ჩვენ გვქონდა კრიმინალური ტერორის პირობებში ჩატარებული, ხელისუფლების მიერ ორგანიზებული კრიმინალური ფარსი. ზუსტად ამიტომ ჩვენ ამ არჩევნებს არ ვაღიარებთ და მის შედეგებს არ ვცნობთ“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

გრიგოლ ვაშაძის თქმით, მათ არ ჰყავთ პრეზიდენტი და მათთან მორალური და პოლიტიკური ვალდებულება არ აქვთ. “რა უსულო საგანიც არ უნდა შეიტანონ პრეზიდენტის სასახლეში, ის პრეზიდენტი არ იქნება და ამ უსულო საგნის მიმართ არავითარი პოლიტიკური და მორალური ვალდებულებები არ გვაქვს“- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ მხარდამჭერებთან შეხვედრისას.

„მოვითხოვთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს; მოვითხოვთ, რომ ეს არჩევნები ჩატარდეს პროპორციული და პროპორციულ-რეგიონალური პრინციპით; მოვითხოვთ, რომ საარჩევნო კომისიები დაკომპლექტდეს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზღვარგარეთელი ექსპერტების მიერ; მოვითხოვთ, რომ „ქურდული ოცნების“ მიერ გაგონებულ იქნას ხალხის ხმა... გააგონეთ თქვენი ხმა!“ - მიმართა ფილარმონიაში შეკრებილ ხალხს გრიგოლ ვაშაძემ.