გერმანიაში 14 წლით პატიმრობა მიუსაჯეს პირს, რომელმაც აფეთქება მოუწყო დორტმუნდის საფეხბურთო გუნდს

დორტმუნდის "ბორუსიაზე" თავდასხმისთვის მსჯავრდებული პირი, რუსეთისა და გერმანიის მოქალაქე სერგეი ვ.

გერმანიაში 14 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს რუსეთისა და გერმანიის მოქალაქე სერგეი ვ.-ს, რომელმაც 2017 წლის 11 აპრილს აფეთქება მოუწყო დორტმუნდის საფეხბურთო კლუბ „ბორუსიას“.

28 წლის მამაკაცმა თავი ბრალდებულად ცნო და განმარტა, რომ „ბორუსიის“ ავტობუსის წინააღმდეგ მიმართული აფეთქების მიზანი იყო „ბორუსიის“ აქციის გაიაფება, რაც მას ფინანსურ სარგებელს მოუტანდა.

აფეთქება მოხდა ცოტა უფრო გვიან, ვიდრე თავდამსხმელს ჰქონდა ჩაფიქრებული. კლუბის ავტობუსში რამდენიმე ფანჯარა ჩაიმსხვრა და ხელში დაიჭრა ფეხბურთელი მარკ ბარტრა. კლუბ „მონაკოსთან“ შეხვედრა, რომელზეც გუნდი მიეშურებოდა, რამდენიმე დღით გადაიდო.

ბრალდებული და მისი ადვოკატები ამტკიცებენ, რომ მას მსხვერპლი არ სურდა, მაგრამ ამ ვერსიის საწინააღმდეგოდ არის მიჩნეული ის ფაქტი, რომ ასაფეთქებელ მოწყობილობაში ლურსმნები იდო. რამდენიმე ფეხბურთელი რომ დაღუპულიყო, „ბორუსია“ ტურნირს გამოეთიშებოდა და აფეთქების ორგანიზატორი დიდ ფინანსურ სარგებელს მიიღებდა.

სერგეი ვ. თავდასხმის დროს იმავე სასტუმროში იმყოფებოდა, სადაც „ბორუსიის“ გუნდი იყო გაჩერებული და თავისი ნომრის ფანჯრიდან უყურებდა ავტობუსს, როცა ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა.