NASA-ს რობოტმა მარსს ახალი ფოტოები გადაუღო

27 ნოემბერს, ჩვენი დროით შუადღის 12 საათზე გეოდეზიისა და სითბოს შემსწავლელი ტრანსპორტიორი InSight, მარსის ზედაპირზე წარმატებით დაეშვა.

მარსზე მუშაობა დაიწყო აშშ-ის კოსმოსისა და აერონავტიკის ეროვნული ადმინისტრაციის(NASA) ახალმა რობოტმა.

27 ნოემბერს, თბილისის დროით 12 საათზე, გეოდეზიისა და სითბოს შემსწავლელი ტრანსპორტიორი InSight-ი მარსის ზედაპირზე წარმატებით დაეშვა და პლანეტის ზედაპირის ფოტოები გამოგზავნა.

აშშ-ის კოსმოსისა და აერონავტიკის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, წარმატებით დასრულდა რობოტის მომზადების პროცესიც. დაშვებისთანავე რობოტმა გაშალა ორი ორმეტრიანი მზის ბატარეა, საიდანაც ენერგია უნდა მიიღოს.

Insight-ის გამოგზავნილი ფოტო იმის დასტურად, რომ მზის პანელები წარმატებით გაიშალა

ნასამ InSight მარსზე 2018 წლის 5 მაისს გაუშვა. წითელ პლანეტამდე მისაღწევად რობოტმა 7 თვის განმავლობაში 458 მილიონი კილომეტრი იფრინა.

Insight-ის მისიაა გათხაროს, გამოიკვლიოს მარსის ზედაპირი და მეცნიერებს მიაწოდოს ახალი მასალა მყარზედაპირიანი ციური სხეულების, მათ შორის დედამიწისა და მთვარის წარმოშობის შესასწავლად.

რობოტის მისია ერთი მარსის წელიწადისა და მარსის 40 დღის განმავლობაში გაგრძელდება, ანუ დედამიწის დროით 2020 წლის 24 ნოემბრამდე. მისიაში ჩართულები არიან საფრანგეთის, გერმანიის, შვეიცარიის, გაერთიანებული სამეფოს, ესპანეთისა და პოლონეთის სამეცნიერო ორგანიზაციებიც.