მამუკა ბახტაძე: დაცული იქნება თითოეული ამომრჩევლის ხმა

მამუკა ბახტაძე

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის წინ, პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მოქალაქეებს მოუწოდა, გამოიჩინონ აქტიურობა, მოიხადონ მოქალაქეობრივი ვალი და ხმა მისცენ მათთვის სასურველ კანდიდატს. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები საქართველოში ტრადიციად იქცა 2012 წლიდან და ხელისუფლება დაიცავს ქართველი ხალხის ამ მონაპოვარს. პრემიერ-მინისტრის თქმით, ხვალ თითოეულ ამომრჩეველს ექნება საშუალება გააკეთოს თავისუფალი არჩევანი და საკუთარი მოსაზრებით და სინდისის კარნახით მისცეს ხმა სასურველ კანდიდატს. ბახტაძის განცხადებით, ხელისუფლების მტკიცე პოლიტიკური ნებაა, რომ დაცული იყოს თითოეული ამომრჩევლის ხმა.

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ კენჭისყრის დღე, 28 ნოემბერი უქმედაა გამოცხადებული და დამსაქმებლებს მიმართა, ხელი შეუწყონ არჩევნებში მოქალაქეთა მონაწილეობას, რათა მათ არ შეეზღუდოს კანონით გარანტირებული უფლება. მამუკა ბახტაძემ ყველას მიმართა, დაიცვან კანონის მოთხოვნები და საარჩევნო პროცესში არ შექმნან ისეთი ვითარება, რომელიც ხელს შეუშლის ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოხატვას და საფრთხეს შეუქმნის და ჩრდილს მიაყენებს არჩევნების პროცესს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ნებისმიერი კანონსაწინააღმდეგო მოქმედების შემთხვევაში, სახელმწიფო იმოქმედებს კანონის სრული დაცვით. ბახტაძემ შსს-ს და პოლიციელებს დაავალა, უზრუნველყონ საარჩევნო უბნებზე მაქსიმალური წესრიგი და რეაგირების გარეშე არ დატოვონ და საჭიროების შემთხვევაში, დროულად აღკვეთონ ნებისმიერი კანონდარღვევა. მამუკა ბახტაძის განცხადებითვე, ხელისუფლება არჩევნების მეთვალყურე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიისთვის უზრუნველყოფს არჩევნებზე დაუბრკოლებლად დაკვირვების და გაშუქების პირობებს.