უკრაინა ევროკავშირს თხოვს რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებას

უკრაინამ ევროკავშირს მოუწოდა, ახალი სანქციებით უპასუხოს რუსეთის მიერ ქერჩის სრუტეში ძალის გამოყენებას. ევროკავშირში უკრაინის წარმომადგენლის ნიკოლაი ტოჩიცკის განცხადებით, რუსეთი უკრაინას უტევს, სამხედრო აგრესიის ახალი ტალღა ქერჩის სრუტეში ააგორა, დაჭრილია 6 უკრაინელი სამხედრო და დატყვევებულია სამი გემი, რაზეც ევროკავშირს მკაცრი რეაქცია უნდა ჰქონდეს. უკრაინელმა დიპლომატმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ფედერიკა მოგერინის მიმართა, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების საკითხი დასვას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე.

25 ნოემბერს, ქერჩის სრუტესთან რუსმა მესაზღვრეებმა ცეცხლი გაუხსნეს სამ უკრაინულ სამხედო გემს, რომლებიც შავი ზღვიდან აზოვის ზღვისკენ მიემართებოდნენ. კიევმა რუსეთის ქმედება აგრესიის აქტად შეაფასა და შეიარაღებულ ძალებში სრული საბრძოლო მზადყოფნა გამოაცხადა.