არასამთავრობო სექტორმა პროკურატურის განცხადება მოსალოდნელ რეპრესიად შეაფასა

მთავარი პროკურატურა

ოცამდე არასამთავრობო ორგანიზაციამ კოლეგების მიმართ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების ირიბ გზავნილად შეაფასა საქართვლოს მთავარი პროკურატურის მიერ 21 ნოემბერს გავრცელებული განცხადება. ეს „გამაფრთხილებელი შეტყობინებაა როგორც ჩვენთვის, ადამიანის უფლებათა სფეროში მომუშავე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, ასევე ყველა იმ ადამიანისთვის, რომლებიც ჩვენთან კონფიდენციალობის დაცვის პირობით თანამშრომლობენ და მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდიან ადამიანის უფლებათა დარღვევების შესახებ” - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში. მათი შეფასებით, პროკურატურის განცხადება გაგრძელებაა იმ მიზანმიმართული პოლიტიკისა, რომელსაც ბოლო პერიოდია საქართველოს ხელისუფლება აქტიურად ეწევა იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც მისი გავლენის ქვეშ არ არიან და აქტიურად იბრძვიან საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის, კანონის უზენაესობის განმტკიცებისა და ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის. არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ხელისუფლება კარგახანია გასცდა არასამთავრობო ორგანიზაციათა კრიტიკის იმ ზღვარს, რაც დასაშვებია დემოკრატიულ საზოგადოებაში და უკვე საკუთარი რეპრესიული ინსტრუმენტების ამოქმედებას გეგმავს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების და იმ პირთა დასაშინებლად, რომლებიც მათთან თანამშრომლობენ. „საქართველოში 2004 წელს, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონის მიღების შემდეგ, ვერ ვიხსენებთ შემთხვევას, რომ რომელიმე სახელმწიფო უწყებას ეჭქვეშ დაეყენებინოს უფლებადამცველების უფლება, აბსოლუტური პრივილეგიით იყოს დაცული მათი პროფესიული საიდუმლოების წყარო“ - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი, ღია საზოგადოების ფონდი, კონსტიტუციის 42-ე მუხლი, საფარი, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, თანასწორობის მოძრაობა, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისთვის, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის, მედიის განვითარების ფონდი, საქართველოს რეფორმების ასოციაცია, ადამიანის უფლებათა ცენტრი, ემპათია, საქართველოს გაეროს ასოციაცია, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი და ლიბერალური აკადემია თბილისი.

21 ნოემბერს, მთავარ პროკურატურაში გამოკითხეს "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელი ირმა პავლიაშვილი და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ ხელმძღვანელი მიხეილ ბენიძე. პროკურატურაში დაწყებული გამოძიების საფუძველია სამი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომელზე დაყრდნობით 20 ნოემბერს გავრცელებული ინფორმაცია, რომ პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ არჩევნების გასაყალბებლად იბეჭდება პირადობის ყალბი მოწმობები. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ინფორმაციის წყარო არ დაასახელეს და განაცხადეს, რომ ამის უფლებას კანონი აძლევთ. თავის მხრივ, პროკურატურაში აცხადებენ, რომ წყაროს გაუთქმელობის უფლება არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებზე არ ვრცელდება, ამიტომ შესაძლოა, ითხოვოს ამ პირთა გამოკითხვა მაგისტრი მოსამართლის წინაშე.