ბიუჯეტში გადასახდელი დავალიანება სახელმწიფოს არ ჩამოუწერია შპს OGT-სთვის, - ამის შესახებ რადიო თავისუფლებას განუცხადა შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახურის უფროსმა, ხატია მოისწრაფიშვილმა.
უწყების ცნობით, OGT-მ დაგროვილი 52-მილიონლარიანი დავალიანების მომსახურების მიზნით, 26 ოქტომბერს, სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხა 1 მილიონი ლარი. შედეგად, წარმოების ხელშეწყობის მიზნითა და დასაქმებულთა ინტერესების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა კომპანია OGT-ს ანგარიშს მოუხსნა ინკასო, ყადაღა მოეხსნა საბრუნავ საშუალებებს და კომპანიას საშუალება მიეცა შეეძინა აქციზური მარკები.
„შემოსავლების სამსახურმა კომპანიას შესთავაზა წარმოედგინა გონივრული წინადადებების პაკეტი ვალის მომსახურების გრაფიკის თაობაზე. აღნიშნული შეთავაზების საპასუხოდ კი, შემოსავლების სამსახურმა კომპანიის წარმომადგენლების მხრიდან მიიღო აბსურდული და ყოვლად მიუღებელი წინადადებები“, - განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.