„მალხაზ კობაურის სისხლის სამართლის საქმეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განიხილავს“, - ასეთი გადაწყვეტილება მიიღო მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ვაჟა ფუხაშვილმა. 19 წლის მალხაზ კობაურს ბრალი ედება სმიტების ოჯახის სამი წევრის, მათ შორის 4 წლის ბავშვის მკვლელობაში.
"ბრალდებულმა მალხაზ კობაურმა საჯაროდ დააფიქსირა პოზიცია, რომ სურს მის მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმე განიხილოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ. დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა კობაურის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ, თუმცა ვერ მოვისმინე ვერც ფაქტობრივი და ვერც სამართლებრივი არგუმენტები, ეს იყო ზოგადი განაცხადი", - განაცხადა ვაჟა ფუხაშვილმა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომის თარიღად 2018 წლის 3 დეკემბერი, 12:00 საათი გამოაცხადა. მსაჯულების შერჩევა გორის რაიონულ სასამართლოში გაიმართება.