ნორმალური არ იქნეობოდა ლოგინზე მიჯაჭვული ადამიანისთვის ბრალის წარდგენა,- ასე უპასუხა სუს-ის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტების კითხვას, თუ რატომ არ აქვს თემირლან მაჩალიკაშვილს ბრალდებულის სტატუსი.
„მე არ ვარ არც გამომძიებელი, არც პროკურორი, თუმცა ეს, რომ გაგვეკეთებინა მაშინ, როცა ადამიანი არ იყო კონტაქტური და იყო მიჯაჭვული ლოგინზე, ჩემი აზრით, არ იქნებოდა ნორმალური. ჩემს კომპეტენციაში არ შედის იმის განსაზღვრა, ბრალი უნდა წაეკითხათ თუ - არა, უბრალოდ, ჩემ აზრს ვამბობ. ადამიანურად ცუდი იქნებოდა. მერე ამას სხვანაირად შემოაბრუნებდნენ - ადამიანს, რომელიც გონზე არ არის, ბრალი წაუკითხესო”, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა, რომლის თქმითაც, სუს-ის მიერ გავრცელებული ვიდეო-კადრების გარდა, საქმეში სხვა უამრავი მტკიცებულებაა, მათ შორის ტელეფონის ზარები, კონტაქტები, ტელეფონის ნომრები და ა.შ.
„გამოძიება დამთავრდება და ყველაფერი გასაჯაროვდება“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
სუს-ის უფროსმა ასევე განმარტება გააკეთა თემირლან მაჩალიკაშვილის სახლიდან ამოღებული ხელყუმბარის დაქტილოსკოპიურ ექსპერტიზაზე.
როგორც გომელაურმა თქვა, თემირლან მაჩალიკაშვილის საძინებლიდან ამოღებული ხელყუმბარიდან აღებული ანაბეჭდები არ აღმოჩნდა ვარგისიანი დასადარებლად. გომელაურმა ასევე კატეგორიულად გამორიცხა ხელყუმბარის „ჩადების“ შესაძლებლობა.
"ექსპერტიზა გაგცემთ უფრო დეტალურ პასუხს, თუმცა არის შემთხვევები, როცა ხდება ისეთი ანაბეჭდის აღება, რომელიც არ არის ვარგისიანი, რომ დადარება მოხდეს. როგორც ჩემთვის ცნობილია, ხელყუმბარიდან აღებული ანაბეჭდები არ აღმოჩნდა ვარგისიანი დასადარებლად. როგორ ფიქრობთ, ჩვენ ვიტყვით, რომ ხელყუმბარა ჩვენ შევიტანეთ? რა თქმა უნდა, ჰქონდათ ყუმბარა! იძიებს პროკურატურა და მე არ შემიძლია ბევრ რამეზე ღიად საუბარი, თუმცა ძალიან მინდა ბევრი დეტალი მოვყვე. დრო მოვა, ალბათ, ყველაფერს ფარდა აეხდება, როცა გამოძიებაც დამთავრდება. არ ვგულისხმობ ყუმბარის შეტანა-გამოტანის თემას. ამას პროკურატურა დადებს, იყო თუ არ იყო დნმ-ს კვალი და თითის ანაბეჭდი, თუმცა რაც შეეხება უშუალოდ დაკავებას და ბრალდებული იყო თუ არა ესა თუ ის ადამიანი, ამაზე ბევრ რამეს აეხდება ფარდა. დიდი სურვილი მაქვს, დღესვე გავხსნა ეს თემა და ხალხს ვაჩვენო, რა მოხდა. ამ სპეცოპერაციით ძალიან დიდი საქმე გაკეთდა ჩვენი ქვეყნისთვის. ყოველივე ამას შემდეგ აეხდება ფარდა, თუ რას გეგმავდნენ თბილისში, ახლა ვერ ვისაუბრებ, უფლება არ მაქვს“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.