თბილისის სააპელაციო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო ჯაშუშობაში ბრალდებული ფოტორეპორტიორები გიორგი აბდალაძე, ზურაბ ქურციკიძე და ირაკლი და ნათია გედენიძეები. გადაწყვეტილება დღეს მიიღო სააპელაციო ინსტანციის მოსამართლეთა კოლეგიამ.
სამართალდამცავებმა ოთხი ფოტორეპორტიორი 2011 წლის ივლისში დააკავეს. არცერთი მათგანი თავს არ ცნობდა ჯაშუშობაში დამნაშავედ, თუმცა, მოგვიანებით დანაშაული აღიარეს და საპროცესო შეთანხმების საფუძველზე პატიმრობიდან მალევე გაათავისუფლეს.
„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, საქმის ხელახალი გამოძიება დაიწყო. 2016 წლის დეკემბერში, მთავარმა პროკურატურამ ოთხივე ფოტორეპორტიორი უდანაშაულოდ აღიარა, 2017 წელს კი სააპელაციო სასამართლოს მიმართა 2011 წელს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით. პროკურატურის განმარტებით, ფოტოგრაფების მიმართ ხელისუფლების ანგარიშსწორების საფუძველი იყო მათ მიერ გადაღებული ფოტოები, რომლებიც ასახავენ 2011 წლის 26 მაისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ოპოზიციის საპროტესტო აქციის დარბევას.