საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი არ გამორიცხავს, რომ პირადობის ყალბი მოწმობების დაბეჭდვის შესახებ ტყუილის თქმის დავალება არასამთავრობო ორგანიზაციებმა მიიღეს „ნაციონალური მოძრაობისგან.“
„ძალიან სამწუხარო ფაქტია, რომ გუშინ სამი არასამთავრობო ორგანიზაცია - სხვა სიტყვა ამას არ ჰქვია - გამოჭერილი იქნა ტყუილში. საიდან მოდის ეს ტყუილი ჩემთვის პრინციპში, ალბათ არის ნათელი. მას შემდეგ, რაც ამ არასამთავრობო ორგანიზაციებმა პროკურატურაში არ და ვერ წარადგინეს მტკიცებულებები, იმიტომ, რომ თავად აღიარეს, რომ არ ჰქონდათ, გაჩნდა მოსაზრება, რომ მათ უბრალოდ, შესაძლებელია ამ ტყუილის თქმის შესახებ დავალება მიიღეს ნაციონალური მოძრაობისგან. ამ მოსაზრებას აქვს არსებობის უფლება, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ეს სამი არასამთავრობო ორგანიზაცია არის მსხვერპლი, რადგან ჩემი ვარაუდით, ნაციონალურ მოძრაობას სჭირდებოდა არასამთავრობო რუპორი, რომ საჯაროდ ეთქვა ტყუილი, რათა ეს ტყუილი გამხდარიყო როგორმე დამაჯერებელი“ - უთხრა ჟურნალისტებს თეა წულუკიანმა. მისი თქმით, “ეს ტყუილი ვერ დადასტურდა იმიტომ, რომ ტყუილია და დღეს რეალურად მიმდინარეობს მცდელობები, რომ მათი თითქოსდა წამოწეული პრობლემა ჩაიფარცხოს.“ იუსტიციის მინისტრის განცხადებით, პრობლემა ვერ ჩაიფარცხება, რადგან ითხოვენ გამოძიების გაგრძელებას, რათა ტყუილის ფაქტი საზოგადოებისთვის კიდევ უფრო აშკარა და ნათელი გახდეს. წულუკიანის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა პროკურატურაში გამოკითხვისას წყარო ვერ დაასახელეს, რადგან ის ან არ არსებობს, ან მატყუარაა და სამწუხაროა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ურთულეს მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.
21 ნოემბერს, მთავარ პროკურატურაში გამოკითხეს "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელი ირმა პავლიაშვილი და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ ხელმძღვანელი მიხეილ ბენიძე. პროკურატურაში დაწყებული გამოძიების საფუძველია სამი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომელზე დაყრდნობით 20 ნოემბერს გავრცელებული ინფორმაცია, რომ პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ არჩევნების გასაყალბებლად იბეჭდება პირადობის ყალბი მოწმობები. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ინფორმაციის წყარო არ დაასახელეს და განაცხადეს, რომ ამის უფლებას კანონი აძლევთ. თავის მხრივ, პროკურატურაში აცხადებენ, რომ წყაროს გაუთქმელობის უფლება არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებზე არ ვრცელდება, ამიტომ შესაძლოა, ითხოვოს ამ პირთა გამოკითხვა მაგისტრი მოსამართლის წინაშე.