„ქართული პოლიტიკა, ისევე როგორც მედიაგარემო არის საკმაოდ პოლარიზებული და ბუნებრივია, ეს არჩევნები ამ ფაქტს ვერ გაექცეოდა“,-აღნიშნა რადიო თავისუფლების“დილის საუბრებში“ საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორმა, პოლიტოლოგმა კორნელი კაკაჩიამ. მან წინასაარჩევნო გარემო შეაფასა პარტიების მიერ მედიის პოლიტიკურ ინსტრუმენტად ქცევით განპირობებული რისკებისა და თავად პოლიტიკური აქტორების მიზნებისა და ქცევის მიხედვით. „პოლიტიკური პარტიები, როგორც ოპოზიცია, ისე მმართველი ხელისუფლება ამ არჩევნებს განიხილავენ, როგორც გენერალურ რეპეტიციას 2020 წლის არჩევნებისთვის. სწორედ ამან განაპირობა ეს დაძაბულობა არჩევნების გარშემო. ეს ფონიც გარკვეულწილად ხელს უშლის წინასაარჩევნო პროცესის ნორმალურად წარმართვას,“-აღნიშნა კორნელი კაკაჩიამ, რომლის აზრითაც, საქართველოში კლასიკური სახის პოლიტიკური პარტიები არ არსებობენ. „ჩვენ გვყავს პარტიის მფლობელები,“-ამბობს კორნელი კაკაჩია, რომლის შეფასებითაც ორმა ადამიანმა არჩევნებში დაპირისპირებული ორი ჯგუფიდან მიისაკუთრა პარტიული სტრუქტურები და თავიანთი პოლიტიკური და ფინანსური რესურსებით ცდილობენ ერთმანეთის დემონიზაციას და მარგინალიზაციას.
Your browser doesn’t support HTML5