სახელმწიფო სერვისების სააგენტო გაუგონარ ბრალდებას უწოდებს არასამთავრობოების განცხადებას

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გაუგონარ, აბსურდულ ბრალდებას უწოდებს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებას არჩევნების შესაძლო გაყალბების თაობაზე, რომელიც, სავარაუდოდ, ყალბი პირადი მოწმობების დაბეჭდვას უკავშირდება „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ:

„არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მე, სოსო გიორგაძე, ჩემ თანამშრომლებთან ერთად, გამოგვაცხადეს სისხლის სამართლის დამნაშავეებად. ეს გაუგონარი ბრალდება ეფუძნებოდა მათ მიერ გამოგონილ აბსურდულ არგუმენტებს. მინდა განვაცხადო, რომ თეორიულადაც კი რთულია იმის წარმოდგენა, რასაც ეკა გიგაური, მიხეილ ბენიძე და ირმა პავლიაშვილი გვაბრალებენ. პირველი, რაც გავაკეთეთ, მივმართეთ შესაბამის უწყებებს, იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, რათა დაიწყონ გამოძიება აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით და იმედი მაქვს, რომ ეს ადამიანები და არასამთავრობო ორგანიზაციები წარმოადგენენ კონკრეტულ ფაქტებს თუ რაზე დაყრდნობით განახორციელეს ასეთი ცილისწამება იმ ორგანიზაციის მიმართ, რომელსაც უზარმაზარი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მნიშვნელოვან მოვლენებში, მათ შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მოპოვებაში. თითოეული ჩვენთაგანი ვართ შეურაცხყოფილნი იმის გამო, რომ მხოლოდ და მხოლოდ ჭორების გამო მიაყენეს ჩრდილი ჩვენს რეპუტაციას. გაუგონარია ეს ამბავი იმიტომაც, რომ საქართველოში არსებობს სულ სამი საბეჭდი ცენტრი, სადაც ბიომეტრიული დოკუმენტების პერსონალიზაცია ხდება. ეს არის თბილისი, ქუთაისი და ბათუმი. მათ მიერ ხსენებულ ტერიტორიულ ორგანოებში ბიომეტრიული დოკუმენტები არ იბეჭდება და შესაბამისად, თეორიულადაც გამორიცხულია ამგვარი განცხადებების გაკეთება. იმედი მაქვს, რომ შესაბამის მასალებს არასამთავრობო ორგანიზაციები მიაწვდიან საგამოძიებო ორგანოებს“.

20 ნოემბერს სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ გაავრცელეს განცხადება არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე. მათი ინფორმაციით, გასულ კვირას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დასაქმებულმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაწოდა ინფორმაცია, სააგენტოს მიერ სავარაუდოდ ყალბი პირადობის მოწმობების დამზადების შესახებ. თანამშრომლის თქმით, ყალბი პირადობის მოწმობები საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ გასაყალბებლად იბეჭდება და ამ პროცესს სააგენტოს მაღალი თანამდებობის პირები ხელმძღვანელობენ.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, წყაროს ინფორმაციით, ყალბი პირადობის მოწმობების დაბეჭდვა არჩევნების პირველი ტურის შემდეგ გადაწყდა: „მისი თქმით, ამ პროცესს ხელმძღვანელობენ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე სოსო გიორგაძე და ამავე სააგენტოს შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი ბეჟან ობგაიძე. წყაროს განმარტებით, წინა კვირას ამ თემაზე სპეციალური თათბირიც ჩატარდა. გეგმის თანახმად, ერთ ადამიანზე უნდა დაბეჭდილიყო ხუთი პირადობის მოწმობა, რომლებშიც სხვადასხვა სახელი, გვარი და პირადი ნომერი მიეთითებოდა, ხოლო ფოტო ამ ერთი პირის იქნებოდა. ამ პირის მონაცემები აისახება რამდენიმე საარჩევნო უბნის საარჩევნო სიაში და შესაბამისად, შესაძლებელი იქნება ერთმა ადამიანმა სხვადასხვა პირადობით რამდენიმე უბანზე მისცეს ხმა, რაც ე.წ. „კარუსელის” პრინციპით ხმის მიცემას წარმოადგენს“, - ვკითხულობთ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.