ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, "შავ სიაში" მყოფ მოქალაქეთა ვალს ფონდი "ქართუ" ფარავს

ივანე მაჭავარიანი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, საფინანსო ორგანიზაციებისადმი მოქალაქეთა მილიარდნახევრიან დავალიანებას სრულად ფარავს და ყიდულობს ფონდი „ქართუ.“ მაჭავარიანის განმარტებით, დავალიანება გაუნულდება 600 000 მოქალაქეს, ვისაც აქვს ერთ წელზე მეტი ხანდაზმული, გადაუხდელი ვალი 2000 ლარამდე.

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ რამდენიმე თვის წინ დააანონსა, რომ ჭარბვალიანობის პრობლემის დასაძლევად შემოდგომაზე გადადგამდა სერიოზულ ნაბიჯებს, მაგრამ ეს ვერ მოხდებოდა რომ არა ფონდი „ქართუ,“ რომელმაც სრულად გაიზიარა პრობლემის სიმწვავე. მაჭავარიანის თქმით, "ფონდი ქართუ, როგორც არაერთხელ, მხარში ამოუდგა ქვეყანას ამ პრობლემის გადასაჭრელად." ივანე მაჭავარიანის ინფორმაციით, ბანკებთან და სხვა საფინანსო ორგანიზაციებთან ერთად ჩატარდა მოლაპარაკების რამდენიმე რაუნდი, რის შედეგადაც შეთანხმებას მიაღწიეს.

„კონსენსუსის არსი მდგოამრეობს იმაში, რომ ბანკების და სხვა საფინანსო ინსტიტუტების უიმედო ვალების პორტფელს - 600 ათასამდე ადამიანი, ვისაც ერთ წელზე ხანდაზმული, გადაუხდელი ვალი აქვს ორი ათას ლარამდე - სრულად ყიდულობს ფონდი ქართუ“ - განაცხადა მაჭავარიანმა. მისი განმარტებით, საუბარია როგორც კრედიტის ძირი თანხის, ისე ჯარიმების დაფარვაზე - საერთო ჯამში, დაახლოებით მილიარდნახევარ ლარზე. ფინანსთა მინისტრმა აბსოლუტური სპეკულაცია უწოდა განცხადებებს, რომ ბიუჯეტიდან, პატიოსანი გადამხდელის ფულით ფინანსდება ის, ვინც ვალი არ გადაიხადა.

მაჭავარიანის თქმით, მთავრობის როლი იყო იმაში, რომ საკითხი მწვავედ დააყენა და გადაჭრის გზებს ეძებდა, თუმცა ტვირთი სრულად იკისრა ფონდმა „ქართუმ.“ ფინანსთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდს და ასევე, ბანკებს და სხვა საფინანსო ორგანიზაციებს თანამშრომლობისთვის, რადგან ივანე მაჭავარიანის თქმით, იოლი არ იყო რამდენიმე ათეული საფინანსო ინსტიტუტის ერთ მაგიდასთან თავმოყრა და შეთანხმების მიღწევა. „თუმცა, ამ შემთხვევაში მათთვის ეს იყო ჩვეულებრივი ბიზნეს-ტრანზაქცია, ხოლო ქართუსთვის იყო სოციალური პასუხისმგებლობა“ - განაცხადა მინისტრმა მაჭავარიანმა.

მისი ინფორმაციით, დავალიანება გაუნულდება კლიენტებს მხოლოდ იმ საფინანსო ორგანიზაციებისა, რომლებიც შეთავაზებას დათანხმდნენ. მათ შორის მაგალითად , არ არის ონლაინ-კომპანია “ვივუსი,“ რომელმაც მაჭავარიანის თქმით, მისთვის გაუგებარი მიზეზით თქვა უარი. ფინანსთა მინისტრის განმარტებით, 3 დეკემბრიდან მოქალაქეებს სპეციალურ ვებგვერდზე შეეძლებათ შემოწმება, შეეხებათ თუ არა ვალის ჩამოწერა.