საბანკო დავალიანების მქონე ნახევარ მილიონზე მეტ მოქალაქეს ვალი გაუნულდება

მამუკა ბახტაძე

საქართველოს 600 ათასამდე მოქალაქეს, რომლებიც ბანკების და სხვა საფინანსო ორგანიზაციების წინაშე დავალიანების გამო ე.წ. შავ სიაში იმყოფებიან, ვალი გაუნულდება - ამის შესახებ განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ. მისი ინფორმაციით, პროცესი დაიწყება 15 დეკემბერს და 31 დეკემბერს დასრულდება. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე მამუკა ბახტაძემ გამოაცხადა, რომ მიღებულია უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც „მძიმე ტვირთს მოუხსნის ასობით ათას ოჯახს.“

„ყველანი ვთანხმდებით, რომ ჭარბვალიანობის დაძლევის გარეშე სიღარიბის დამარცხება წარმოუდგენელია. ამის ნათელი დასტურია იუნისეფის ბოლო კვლევაც, რომელმაც პირდაპირ მიუთითა ჭარბვალიანობასა და სიღარიბეს შორის მიზეზ-შედეგობრივ კავშირზე და ცხადყო, რომ ჭარბვალიანობის ტვირთი იმდენად მძიმეა ბევრი ქართული ოჯახისთვის, რომ უარყოფით ასახვას ჰპოვებს მათ შორის ბავშვების და მოზარდების განვითარებაზე“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ. მისი თქმით, თითქმის 700 000 მოქალაქე იმყოფება ე.წ. შავ სიაში, რის გამოც პრაქტიკულად მოკლებულია სრულფასოვანი ეკონომიკური საქმიანობის შესაძლებლობას. ბახტაძის განცხადებით, ამ გამოწვევაზე პოლიტიკაში დაბრუნებისთანავე გაამახვილა ყურადღება პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმაც. “ამაზე ვსაუბრობდი მე ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრად მუშაობის პერიოდში, ახალი მთავრობის დამტკიცების დროსაც საქართველოს პარლამენტში და შემდგე უკვე მთავრობის სხდომაზე დავდე პირობა, რომ წლის ბოლომდე გადავდგამდით პრინციპულ ნაბიჯებს ე.წ. შავი სიის პრობლემის მოსაგვარებლად“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, მიმდინარეობდა ხანგრძლივი და რთული მოლაპარაკებები. „მოხარული ვარ, რომ როგორც საბანკო, ისე არასაბანკო სექტორის უდიდესმა ნაწილმა, მათ შორის ე.წ. სესხების ამომღებმა ბიუროებმა გაიზიარეს ჩვენი პრინციპული პოზიცია, გამოიჩინეს სოციალური პასუხისმგებლობა და მივედით გადაწყვეტილებამდე, რომელიც შვებას მისცემს ასობით ათას ოჯახს. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო საქველმოქმედო ფონდ ქართუს. რომ არა ფონდის მხარდაჭერა, ამ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივის რეზლიზება ვერ მოხდებოდა“ - თქვა პრემიერ-მინისტრმა ბახტაძემ. მისი განმარტებით, „შავ სიაში“ დაფიქსირებული ვალების თითქმის 95% შედგება სესხებისგან, რომელთა ძირი თანხა არ აღემატება ორი ათას ლარს და საუბარია 600 ათასზე მეტი მოქალაქის ფინანსურ ვალდებულებებზე ბანკების, ონლაინ-ორგანიზაციების, თუ სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტის მიმართ, რომელიც ჯამში შეადგენს დაახლოებით მილიარდნახევარ ლარს

„დღევანდელი გადაწყვეტილებით, ეს მილიარდნახევრიანი დავალიანება უნოლდება ჩვენს მოქალაქეებს. ამ კატეგორიაში შედის თითქმის 150 ათასი სოციალურად დაუცველი და ათეულობით ათასი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ჩვენი მოქალაქე. მიმდინარეობს მუშაობა მოვალეთა რეესტრის ბაზებზე. ვალების განულების პროცესი დაიწყება 15 დეკემბერს და 31 დეკემბერს დასრულდება. 600 ათასი მოქალაქე და მათი ოჯახები 31 დეკემბრამდე გარანტირებულად ამოვა მოვალეთა რეესტრიდან და ვალების გარეშე შეხვდება ახალ წელს“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ. მისი ინფორმაციით, 600 ათასამდე მოქალაქის ვალების განულების შეთანხმება უკვე მიღწეულია, თუმცა, მუშაობა გრძელდება და სხვა ფინანსური ორგანიზაციების მიერ ინიციატივასთან შეერთების პარალელურად, კიდევ უფრო გაზირდება ვალებისგან გათავისუფლებული მოქალაქეების რაოდენობა. ბახტაძის თქმით, ჯერჯერობით გამოწვევად რჩება ე.წ. მევახშეების მიერ უსამართლოდ დაზარალებული მოქალაქეების პრობლემა, ამიტომ ამ მიმართულებითაც აქტიურად მუშაობენ და დადებითი შედეგის მიღწევის იმედი აქვთ.