გრიგოლ ვაშაძე მთავრობას სთხოვს „შავი სიიდან“ ამოიღოს ბანკის მოვალე მოქალაქეები

18 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ საქართველოს მთავრობას წაუყენა რამდენიმე მოთხოვნა მოქალაქეების საბანკო დავალიანებებთან დაკავშირებით. ვაშაძე მოითხოვს ე.წ. შავი სიიდან ამოიღონ ის მოქალაქეები, რომლებიც ვერ იხდიან კრედიტებს და ჩამოეწეროთ ვალდებულებები.

ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტმა უნდა გამოაცხადოს ბანკების მიერ დარიცხული სანქცია-საურავების ამნისტია, ხოლო ეროვნულმა ბანკმა ეტაპობრივად გაანახევროს იპოთეკური სესხების პროცენტი.

„ასეთ მძიმე მდგომარეობაში საქართველოს მოქალაქეები ალბათ არასდროს ყოფილან. ყოველი მეორე ქართველი არის დაყადაღებული ვალებით მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ან იმ სამი ბანკის მიერ, რომლებიც მევახშეებად არიან გადაქცეულნი. კატეგორიულად მოვითხოვთ: საქართველოს მთავრობამ ნებისმიერ პირს, რომელიც დღეის მდგომარეობით არის მოვალეთა შავ სიაში და ვერ იხდის ბანკებისა და მიკროსაფინანსოების ვალებს, მოახდინოს მათი ვალდებულებების ჩამოწერა და ეს ადამიანები მყისიერად უნდა ამოიღონ მოვალეთა შავი სიიდან. ამისთვის, მთავრობამ უნდა შეისყიდოს მათი ვალები და ბანკებთან ურთიერთობაში უნდა ჩაანაცვლოს ეს გაჭირვებული ხალხი“, - გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, თუ მთავრობა ასე არ მოიქცევა, ეკონომიკა ჩამოიქცევა, რასაც ვერც ბანკები გადაურჩებიან.